გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის შვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მელაშვილი პატიმრობაში დატოვა არ ეთანხმება და თვლის, რომ მამისთვის წაყენებული ბრალდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
სანამ მამაჩემს დაიჭერდნენ, რამდენიმე დღით ადრე ვშიშობდი, რომ შესაძლოა მასთან სახლში მისულიყვნენ, როცა ის იქ არ იქნებოდა და რაღაცები ჩაედოთ. როგორც ჩანს ეს საჭირო აღარ გახდა და სამწუხაროდ ჩემი ვარაუდი გამართლდა. არ ვეთანხმები ამ ბრალდებას, იმიტომ რომ ამდენი ხანი ადამიანი ერთ ადგილზე მუშაობდეს და მისმა სამსახურმა არაფერი არ იცოდეს, რაღაც საქმეების შესახებ, რომელსაც ის მის სამსახურში აკეთებდა. გამოდის, რომ ამ ბრალდებით სასამართლო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ მომუშავე პერსონალს. მას ასეთი რამ არ გაუკეთებია და ამის გამო ვართ აქ ჩვენ შეკრებილები- ამბობს ზურა მელაშვილი.
ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლთან დღეს მისი მხარდამჭერი აქცია ჩატარდა. ახლობლები ამბობენ, რომ მსგავსი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ უდანაშაულო ადამიანებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ გაათავისუფლებენ.
აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
მოსამართლემ ორივე მათგანი 8 ოქტომბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.