სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო პერიოდში ომბუდსმენის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგისგან თავს იკავებდა, რათა ბავშვებისთვის დამატებითი სტრესული გარემო არ შეექმნათ.
თუმცა ლომჯარიას განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება ომბუდსმენის მონიტორის ჯგუფი მონიტორინგისთვის ნინოწმინდაში ჩავა.
“თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მას მოლოდინი აქვს, რომ პანსიონში მონიტორინგისთვის შეუშვებენ. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით უპრეცედენტო პროცესები დაიწყო.
“მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ მონიტორინგის განხორციელების საშუალებას, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.
პირველ რიგში ის, რომ დაიწყო უპრეცედენტო პროცესი ბავშვთა უფლებრივი დაცვის მიმართულებით, რაზეც წლებია ვსაუბრობთ და სახელმწიფოს არანაირი რეაგირება და ნაბიჯები არ ჰქონია. დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, მათ შორის რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საშუალება გვექნება იქ შევიდეთ და მონიტორინგი განვახიორციელოთ”,-თქვა მან.
გუშინ, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი გრძელდება. პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.
13 ივნისს ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სასულიერო პირები, საქართველოში ევროკავსირის ელჩი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯანდაცვის სამინისტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ბენეფიციარები თავშესაფარს ეტაპობრივად დატოვებენ, 2022 წლის 1 აპრილიდან კი კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის პანსიონის მსგავსი დიდი ინსტიტუციები დაიხურება.
განსხვავებული განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ანდრია ჯაღმაიძემ თქვა , რომ პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის.










