კარლოვი ვარის კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი ეკუმენური ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა – ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს.
,,კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალის რჩეულთა შორის მოხვდა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაღებული თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“,
რომელსაც ეკუმენური ჟიურის პრიზი გადაეცა.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ფილმის გადამღებ ჯგუფს ამ წარმატებას!
აღსანიშნავია, რომ წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე 4
ქართული ფილმი იყო წარდგენილი: თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე
წმინდანი“ (მთავარი კონკურსი), ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“
(Special Screenings), ელენე ნავერიანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (Horizons) და ანა
ჩუბინიძის „ფრენცის სასადილო“ (Pragueshorts at KVFF).” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 1946 წლიდან იმართება, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვან კინომოვლენად მიიჩნევა და ყოველწლიურად არაერთ საინტერესო ნამუშევარს სთავაზობს ფესტივალის სტუმრებს.










