ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვის აღსრულების შემდეგ მრევლს მიულოცა და ათორმეტთაგან ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა:
,,გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღეს არის ათორმეტთაგან ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული და ყველას გილოცავთ. ვინც ეზიარეთ, იმათ განსაკუთრებულად გილოცავთ. მაცხოვარმა, რომ მოვიდა ძველი აღთქმიდან ყველაფერი აღასრულა და ახალ აღთქმაში გადაგვიყვანა. დაგვიტოვა ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. მოციქულებს დაავალა: წადით იქადაგეთ და ნათელს სცემდეთ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათაო და მართლაც, დედა გვშობს ხორცით და შემდეგ სულით ვიშვებით ისევ, ახლიდან და ვხდებით ქრისტიანები, ქრისტეს მხედრები, და აუცილებელია თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს გზა გავიაროთ.
გუშინ და დღეს სრულდება დიდი აიაზმა, წყლის კურთხევა. რადგან ადამის ცოდვის შემდეგ, არა მხოლოდ ადამიანი გახდა მოკვდავი, არამედ თვით ბუნებაც შეიცვალა და ხრწნადი გახდა. თუ დავაკვირდებით, ბუნებას: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი-ზამთარში ყველაფერი მიიძინებს. ასევეა ადამიანიც, როდესაც უნდა იცოცხლო. მოევლინება ადამიანი ამ ქვეყანას და შემდეგ, აუცილებელია სიცოცხლისთვის, ჭეშმარიტი სიცოცხლისთვის მიხვდე, გაიმარჯვო შენს თავზე და ნათელ იღო…
შევეცადოთ, რომ რაც გვასწავლა ქრისტემ დავიმახსოვროთ, როდესაც ნათელს იღებს მაცხოვარი, ხმა გაისმა -რაც არის პირველი დოგმატი: ,, ესე არს ძე ჩემი საყვარელი“ და უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეს არის დოგმატი, დარვინებს და იმათთან, ვისაც არ სჯერა, შეხვიდე პოლემიკაში აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ათას უაზრობას თუ ავყევით, ჩვენც გავხდებით ისეთივე უგუნურები. ჩვენ, რაც გვწამს მივყვეთ იმას და უფალი შეგვეწევა. ”
მეუფე იაკობმა სასულიერო პირთა და ზოგადად ქრისტიანთა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა , რომ სამაგალითონი და მქადაგებელნი თავიანთი ცხოვრების წესით უნდა იყვნენ და რომ სარწმუნოება იდეოლოგია არ არის:
,,ბევრი არის, რომელთაც შეურაცხყოფა უნდათ ღვთის, სარწმუნოების, მაგრამ როგორ უნდა შეურაცხყო ღმერთი?! საცოდავია ის ადამიანი, რომელიც ღმერთის და სულიწმინდის წინააღმდეგ მიდის. იხარეთ და შევეცადოთ, ქართველები და ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებლები, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ. პირველ რიგში მოგვეთხოვება ეპისკოპოსებს, მოგვეთხოვება საღმვდელოებას, ასევე, ბერმონაზვნობას და თითოეულ ქრისტიანს.
ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესით უნდა ვანახოთ ხოლმე, მარტო ლამაზად საუბარი არაფერს ნიშნავს, ქრისტიანობა ხომ იდეოლოგია არ არის, ეს არის სარწმუნოება. იდეოლოგია გარკვეული მსოფლმხედველობაა და არწმუნებ, რომ ჩემს ჭკუაზე იარე, ასე მოიქეცი და ისე მოიქეცი. აქ, უშუალოდ ღმერთს უნდა თითოეული ჩვენთაგანის ცხონება, რომ აქაც ბედნიერები ვიყოთ, შემდეგაც ღმერთთან ვიყოთ და შევეცადოთ, რომ მივცეთ ღმერთს საშუალება აღასრულოს, რაც თითოეული ჩვენთაგანისათვის აქვს განზრახვა. ამიტომ უნდა შევეცადოთ, ეპისკოპოსები ვიქნებით, თუ მღვდლები.
ეს უცბად არ ხდება, თუნდაც სულიწმინდის მადლი, რომ გვენიჭება უცბად არ ხდება, შენ თავთან ბევრი უნდა იმუშავო. ბევრი სიმწარე უნდა გაიარო და მხოლოდ ამის შემდეგ. პირველ რიგში ალბათ, ჩვენ, სასულიერო პირებს მოგვეკითხება. ვინც ეკლესიას აგინებს, ისეთი სასულიერო პირებიც არიან, რომლებსაც ქვეყნიდან გაქცევა უნდათ და როგორები არიან?… ქვეყნიდან გარბიან, ან მოქალაქეობა უნდათ სხვაგან, სხვა ეკლესიაში გადასვლა …
…ეს ჩემი შვილია და ის სხვისია, ეს ჩემს სამრევლოშია და ის სხვის, ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. ჩვენ ყველამ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ აუცილებლად. ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, მაგრამ ბევრი ვართ ისე, ჩვენს ჯვარს სხვას ავკიდებთ ხოლმე, იმან ატაროსო. თუ ვინმეს უჭირს დავეხმაროთ და თვითონ ზედმეტი ტვირთები ნუ გავხდებით, თორემ თითოეულის ვალია, რომ ერთმანეთი ამ ბრძოლაში არ მივატოვოთ და ქრისტესთან ყველანი ერთად მივიდეთ.
სხვა ეპარქიები თვითონ მიხედავენ, ჩვენზე მე ვარ პასუხისმგებელი და ამიტომ გეუბნებით, მიხედეთ შვილებს, ტყუილებში ნუ გაზრდით. მე მიხარია რომ სტიქაროსნობენ და აქ არიან ჩვენი მამების შვილები, დადიან ეკლესიაში და ამით ქადაგებენ, მთავარია კარგი ადამიანები იყვნენ და ამით ვანახოთ, რომ ქრისტიანები ვართ. ანაფორის ჩაცმით თავში არ აგვივარდეს.
,,ჩვენ ხომ სასტიკი ღმერთის შვილები არ ვართ” -განაცხადა მეუფემ და მრევლს ერთმანეთის სიყვარულისა და დახმარებისაკენ მოუწოდა:
,, ჩვენ ხომ სასტიკი ღმერთის შვილები არ ვართ, ჩვენ ვართ იმ ღმერთის შვილები, რომელიც თვითონ სიყვარულია, ამიტომ ისევ სიყვარული უნდა დავუბრუნოთ და სხვა არაფერი, თორემ განკითხვის პერიოდში ვართ, განკითხვის საუკუნეა და ნუ ვიქნებით ჩვენც განმკითხველები, რაც მოგვადგება ენაზე, წვეტიანი აზრები… კი არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ უფრო სხვა მაღალი კატეგორიებია, სიყვარულია და სიყვარულთან ყველაფერი გაქარწყლებულია.
ამიტომ ჩვენ სიყვარულით ვხელმძღვანელობთ, ერთმანეთის სიხარული ვისურვოთ, ერთმანეთის ბედნიერება ვისურვოთ და არც ისინი არ განვიკითხოთ, ის საწყალი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავი იმით გამოიჩინონ, რომ ქრისტეს ეკლესიას დაუპირისპირდნენ. ვილოცოთ, რომ ღმერთმა შლეგი გონებიდან ნორმალურ გონებაზე მოიყვანონ. იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სული ძალიან ძვირფასია. თვით სამყარო არ ღირს ერთი ადამიანის სულად და ამიტომ ვილოცოთ, რომ ყველას შეგვეწიოს უფალი, აბსოლიტურად ყველას.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აგავსოთ. 27 რიცხვი ჩვენთვის, ჩვენი ეპარქიისთვის და ამ მონასტრისთვის განსაკუთრებული დღეა და ისე, რომ არ იყოს მერე არ დაგვპატიჟეთო, ყველას გეპატიჟებით. საქართველოში ვინც ვართ და ვისაც ღმერთი გვიყვარს, ყველას გეპატიჟებით. უკეთეს ადგილას სად უნდა წახვიდეთ, მითხარით და, კი.
გაიხარეთ!”-განაცხადა ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ნათლისღების სადღესასწაულო წირვაზე.









