მსოფლიოში დაახლოებით 1.89 მილიონი სიკვდილის შემთხვევა არის დაკავშირებული მარილის ჭარბ მომხმარებასთან. არაგადამდები დაავადებები ავადობის, შრომისუუნარობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია როგორც საქართველოში, ისე გლობალურად.
„ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქუთაისში „მარილის მოხმარების შემცირების ხელშეწყობის და არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საგანმანათლებლო კამპანიის” შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ჯანდაცვის ადგილობრივი სპეციალისტები, ექიმი-კარდიოლოგები, ადგილობრივი სარესტორნო ბიზნესისა და კვების საწარმოთა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე „სუფრის მარილის მოხმარების შემცირების სტარტეგიის“ ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ღონისძიების ბილოს მხარეებმა დისკუსია გამართეს.
სუფრის მარილის მოხმარება დამოკიდებულია მოსახლეობის კულტურულ და კვებასთან დაკავშირებულ ჩვევებზე. მარილის ჭარბი მოხმარება გვხვდება თითქმის ყველა პოპულაციაში. გლობალურად მოზრდილებში საშუალო სადღეღამისო მოხმარება შეადგენს 10.78 გრ დღეში, რაც ორჯერ აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოზრდილთა სადღეღამისო მოხმარებისთვის რეკომენდირებულ ნორმას, 5 გრ დღეში. საქართველოში მარილის საშუალო დღიური მოხმარება 8.5 გრ-ს შეადგენს, ხოლო მარილის ჭარბი მოხმარების მავნე ჩვევა მამაკაცებში ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე ქალებში (33.4% და 20.6%).
მარილის ჭარბი მოხმარება იწვევს წყლის შეკავებას და განაპირობებს ორგანიზმში მოცირკულირე სითხის მოცულობის და არტერიული წნევის მატებას, ამიტომაც მარილის ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებთან და არაგადამდები დაავადებების განვითარების მაღალ რისკებთან, პირველ რიგში არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) განვითარებასთან, რაც თავის მხრივ ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს, ასევე კუჭის კიბოს, სიმსუქნის, ოსტეოპოროზის და თირკმლის დაავადებების განვითარების მაღალ რისკებთან. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1.89 მილიონი სიკვდილისშემთხვევა არის დაკავშირებული მარილის ჭარბ მომხმარებასთან.
არაგადამდები დაავადებები (აგდ) ავადობის, შრომისუუნარობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ქვეყანაში საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის.აღსანიშნავია, რომ არაგადამდებ დაავადებათა მნიშვნელოვანი წილის თავიდან აცილება შესაძლებელია მათ გამომწვევ რისკ-ფაქტორებსა და სოციალურ, ეკონომიკურ, გარემო და სხვა დეტერმინანტებზე ზემოქმედებით. მარილის ჭარბი მოხმარების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე ხარჯთეფექტური ღონისძიებაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ტვირთის შესამცირებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზრდასრულებისთვის რეკომენდაციას უწევს დღეში 5 გრ (1 ჩაის კოვზი) მარილის მიღებას; 2-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მოზრდილთა დოზის შემცირებას – 5 გრამზე ნაკლები. საქართველოში მომდევნო 15 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ინტერვენციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული მარილის სადღეღამისო დოზის მოხმარებით, 10 000 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.










