”თავს დაგვესხნენ და ფიზიკურად გაგვისწორდნენ” – მუსიკოსი ტატო რუსია კომპანიის ”ჯეოვოსი” შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გამარჯობა, ჩვენ ვართ ბენდი Showtime.
9 ნოემბერს ჭიათურაში უნდა დაგვეკრა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ კონცერტზე. იმის გამო, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ტექნიკა არ იყო სრულად წარმოდგენილი, დავრეკეთ გასარკვევად კომპანია ჯეო-ვოისში (GeoVoice Rental / ჯეოვოისი აპარატურის გაქირავება), რომელიც უზრუნველყოფდა გახმოვანებას. სატელეფონო საუბარი კამათში გადაიზარდა – ჩვენ ვითხოვდით წინასწარ მოთხოვნილი პირობების/ტექნიკის დაკმაყოფილებას, რაზეც Geo Voice-ს მხრიდან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ქართველ არტისტებს პატივს არ სცემენ და რომ ჩვენ მათ სცენაზე ვერ დავუკრავდით.
სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წუთში ჩვენთვის უცხო ადამიანები ჯეო-ვოისის მაისურებით თავს დაგვესხნენ და ფიზიკურად გაგვისწორდნენ სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმეში ჩაერთო პოლიცია. ზემოხსნეებულმა პირებმა დანაშაული აღიარეს და შეეფარდათ გირაო.
გვინდა გავაგებინოთ მუსიკოსებს, ორგანიზატორებს და მუსიკის სფეროში არსებულ ადამიანებს, თუ ვისთან აქვთ საქმე სინამდვილეში და რა სახის ურთიერთობას ირჩევს კომპანია Geo Voice ქართველ არტისტებთან მიმართებაში.” – წერს მუსიკოსი.