ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი გამოცემა „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში 40 წლამდე მამაკაცი, მალხაზ შავაძე, მცირეწლოვანი შვილის გადარჩენის მცდელობისას დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთ ბავშვს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
ბავშვის დასახმარებლად მამა მდინარეში გადახტა, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მან თავი ქვას დაარტყა და მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
მათივე თქმით, მამაკაცმა ბავშვის წყლიდან ამოყვანა მაინც შეძლო.
„პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მის გადასარჩენად. თავი ქვას დაურტყამს და გარდაცვლილა. ბავშვის ამოყვანა კი მოუსწრია. ძალიან პატიოსანი და მშრომელი ადამიანი იყო“, — განუცხადა ადგილობრივმა „გურია ნიუსს“.
მალხაზ შავაძეს მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.









