ზესტაფონის მერის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე შეასრულებს.
ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა ფეხზე დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში მკურნალობს. ასევე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება მისი მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი.
აღნიშნულ შემთხვევამდე კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯუშელმა.
იქიდან გამომდინარე, რომ ვასილ გველესიანს ერთი მოადგილე აღარ ჰყავს, მეორე კი მერის მსგავსად კლინიკაშია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს.
ზესტაფონში დღეს საკრებულოს სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებს ერთი საკითხი ჰქონდათ წარმოდგენილი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის ვასილ გველესიანის საავადმყოფო ფურცელზე გასვლის ცნობად მიღებას უკავშირდებოდა.