ახალ ზელანდიაში, კუნძულ „უაით აილენდზე“, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. წუხელ საავადმყოფოში კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 21-ს მიაღწია.
„უაით-აილენდზე“ ვულკანი გასული წლის 9 დეკემბერს ამოიფრქვა. 31 დაშავებული ტურისტიდან 27-მა სხეულის ზედაპირისა და სასუნთქი გზების მძიმე დამწვრობები მიიღო.
ვულკანის ამოფრქვევისას კუნძულზე 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ტურისტები, ვულკანის გააქტიურებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კრატერს ათვალიერებდნენ. მაშველებმა ვიზიტორების მხოლოდ ნაწილის ევაკუაცია მოახერხეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ კუნძულზე ამ დროისთვის ცოცხლად გადარჩენილი აღარავინაა.
ვულკანი 2016 წელსაც ამოიფრქვა, თუმცა მაშინ არავინ დაშავებულა. 2019 წლის 3 დეკემბერს გეოლოგიური მონიტორინგის ვებგვერდმა GeoNet გაავრცელა გაფრთხილება, რომ ვულკანი აქტიურ ფაზაში გადადიოდა და ამოფრქვევა მოსალოდნელი იყო, თუმცა მათივე თქმით, ეს ვიზიტორებისათვის საფრთხეს არ შექმნიდა.