საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ასე ეხმაურება :
„პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, ეს არის მათი ამოცანა და ის არ გამოხატავს რეალობას იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ამომრჩევლის წარმოდგენებიც და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ივანიშვილს ამ ამოცანაში ჩვენ ხელი. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მაჟორიტარებზე კოორდინირება და ცალ-ცალკე გამოსვლა, სწორედ ორივე ამოცანას პასუხობს. ამომრჩეველს საშუალება ექნება, ხმა მისცეს იმ პარტიას, ვინც მის იდეებს ქადაგებს და მეორე მხრივ, პირველივე ტურში დავამარცხებთ ივანიშვილს და რისკებს შევამცირებთ ჩვენი ქვეყნისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად, მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად, სადაც ძალიან ახლოს ვართ თბილისში ამ შეთანხმებასთან”, – განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, ოპოზიციის მორიგ შეხვედრაზე თუ აპირებენ ამ საკითხის დაყენებას, ბოკერია პასუხობს: „ვიღაცამ ისროლა იდეა, ეს იდეა არც განიხილება სერიოზულად არც ერთი სერიოზული პარტიის მიერ”.