მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთი ექიმი ვიოლეტა ინასარიძეა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგის “ადრენალინის” შემცველი ნემსი მაშინვე გაუკეთა, როგორც კი ბენეფიციარის მდგომარეობა გართულდა.
გამოძიება ინასარიძეს ცრუ ჩვენების მიცემაში სდებს ბრალს. პროკურატურის ინფორმაციით, ექიმს მეგი ბაქრაძისთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევია. მეტიც, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.
გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ მოწმეებმა ჩვენებები სამჯერ შეცვალეს. მისი ინფორმაციით, ბოლოს მიცემულ ჩვენებაში თავად ვიოლეტა ინასარიძე აღიარებს, რომ იცრუა და სინამდვილეში კლინიკაში იმ დროს საერთოდ არ იმყოფებოდა.










