შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა შედეგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიგეს. გაგაცნობთ ქუთაისელ აბიტურიენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, 60 ქულის მიღება შეძლეს:
ბარბარე ფანცხავამ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლა დაამთავრა. კომპიუტერულ მეცნიერებებზე გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო და ამბობს, რომ ეს მრავალწლიანი მუშაობის შედეგია:
– ვფიქრობ, უმაღლესი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სკოლის წლებში პროგრამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და მხოლოდ მე-12 კლასში არ გადავწყვიტოთ ერთიანად ყველაფრის შესწავლა. რა თქმა უნდა, დიდი მონდომების შემდეგ, სასურველი შედეგის მიღწევა ასეც შესაძლებელია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, კარგად ვსწავლობდი, ძალიან დამეხმარა. ბოლო წელი რეპეტიტორთანაც დავდიოდი. წიგნების წაკითხვა განსაკუთრებით მიყვარს და არგუმენტების ჩამოყალიბებისას ესეც დამეხმარა. მასწავლებელი დიდ მოტივაციას მაძლევდა და ვცდილობდი, მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები. ოჯახის წევრები საკმაოდ მშვიდ გარემოს მიქმნიდნენ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ხშირად ის ფონი, რაც სოციალურ ქსელებში გამოცდებთან დაკავშირებით იქმნება ხოლმე, გადაჭარბებულია, ნუ ინერვიულებთ, შეეცადეთ, თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოთ და სასურველ შედეგსაც მიიღებთ.
60 ქულა აიღო ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ თამარ აბზიანიძემ.
უმაღლესი ქულის მფლობელი გახდა ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე სკოლის მოსწავლე ნინი ხუჯაძე.
ასევე 60 ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში ქუთაისის 30-ე საჯაროს სკოლის მოსწავლემ დიანა პაპავამ.
60 ქულა აიღო ასევე ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ მებუკემ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60 ქულა კიდევ ერთმა ქუთაისელმა აბიტურიენტმა თორნიკე თევდორაძემ აიღო. ის გოქაძის #1 სკოლის მოსწავლე იყო.










