საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შესაძლებლობა ექნება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის წყლისა და ბუნებრივი აირის გადასახადი მოხმარებული რესურსის ოდენობის შესაბამისად, დიფერენცირებულად განსაზღვროს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება სემეკს წყალმომარაგების ნაწილში 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში 2038 წლის 1-ელ იანვრამდე მიენიჭება.
კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გარანტირებას ემსახურება.
საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
„დღეის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიანხტების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.
აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.
მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის, კომუნალური ხარჯებისადმი მაღალი მგრძნობელობისა და სატარიფო რეგულირების პერიოდების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კომისიას შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით, ასევე, 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფები“.
ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, სემეკი გაზის ტარიფების დიფერენცირებასც შეძლებს.
- პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.









