ასპინძაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საბირჯან საბიროვის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სამართალდამცველებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ბათუმში მცხოვრები 37 წლის კაცი ასპინძაში სამუშაოდ 10 დღის წინ წავიდა. იგი მთაში პირუტყვს უვლიდა.
ხვალ ოჯახი ასპინძაში ჩასვლას გეგმავს და საქმის დეტალებში გარკვევას მოითხოვს. მათი თქმით, სამართალდამცველებმა რამდენჯერმე დაურეკეს და უთხრეს, რომ მკვლელობაზე არ ილაპარაკონ და გაჩუმდნენ.
“მე ვითხოვ, ჩემი ქმრის მკვლელის დასჯას პირველ რიგში, შემდეგ ვითხოვ, ყველანაირ დეტალს, რის გამო მომიკლეს ქმარი დაძინებული.
ჯერ მითხრეს, რომ გულით მოკვდა, მერე მითხრეს, რომ დაძინებული დანით მოკლეს.
გაჭრილია, გაფატრულია. ექსპერტიზა ჩაუტარდა, ექსპერტიზა ჩვენ არ გვინახავს და არ მოსულა, ნაკერები აქვს დადებული ბოლომდე.
მე ვაპირებ, ახალციხეში ჩასვლას. პირადად უნდა ვნახო მეპატრონე, რომელიც გვემალება. კაცი გავუშვი ჯანმრთელი.
მე ამას არ ვაპატიებ, 2 წლინახევრის შვილი უმამოდ დამრჩა”,- ამბობს მოკლულის ცოლი, ნინო ბაბიღოძე.
37 წლის საბირჯან საბიროვს დღეს დაკრძალავენ. მას 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასპინძაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული პირი დააკავეს.