ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მედიკოსი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას შესახებ წერს.
როგორც ნანა გეგჭკორი აღნიშნავს, ის ეცდება, ნიკა კვარაცხელიას თხოვნა, მისი სიკვდილის შემდეგ შეასრულოს და გადაწყვიტა, რომ პლატფორმა Feedc-ისთვისაც წეროს.
“Nico Khvaratskhelia მეორე დღეა ადგილს ვერ ვპოულობ.
არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა რაც ამ ბიჭის მკვლელობაა.
მე კი ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან… უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ვისწავლი, რომ არასდროს გადავდო მიცემული პირობის შესრულება.
ცოტახნის წინ დამიკავშირდა და მთხოვა მისი პლატფორმის მომხმარებელი გავმხდარიყავი და იქ მეწერა, ფეისბუქთან ერთად ან თუნდაც ფბ-ის ნაცვლად. შემომთავაზა დიდი აუდიტორიისთვის კოვიდთან დაკავშირებულ კითხვებზეც მეპასუხა იმავე პლატფორმიდან. ვერ ვინელებ, რომ ინტერივიუზე დროის სიმცირის გამო ვუთხარი უარი. მოვუბოდიშე, სოციალურ ქსელში აქტიურობას ისედაც ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო და ორი პლატფორმიდან წერა გამირთულდებათქო. ანგარიში შევქმენით, მაგრამ მასთან აქტიურობა ვეღარ მოვასწარი. ფეისბუქმა მთლიანად შთანთქა ჩემი თავისუფალი დრო.
ვერ ვინელებ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი მონდომება, ქართული, სრულიად განსხვავებული და საინტერესო პლატფორმა განევითარებინა უმოკლეს დროში.
ჩემს სინანულს უკვე აზრი აღარ აქვს. დამაგვიანდა… ვეცდები მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო.
ესეც ჩემი ანგარიში Feedc-ზე. უახლოეს დღეებში ავითვისებ Feedc-ის წესებს და აუცლებლად დავწერ მისთვის.
მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა. ვერ ვისარგებლე შენთან ურთიერთობის შესაძლებლობით.
ალბათ რამდენს ვისწავლიდი შენგან”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ვერაზე, სისხლიანი გარჩევის შედეგად მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
ის გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს და კრიტიკულ მდგომარეობაში, ხეჩინაშილის კლინიკაში მოათავსეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.
ირკვევა, რომ ნიკო კვარაცხელიას თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი, მან კვარაცხელიას მისამართით 8-9-ჯერ გაისროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან საკუთარი მანქანით მიიმალა.
კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია. უცნობია, უკავშირდება თუ არა შვილის მკვლელობა მამის საქმიანობას.










