„ახალგაზრდების მეხუთედს ოჯახის შექმნა არ სურს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ლელა მენაბდიშვილმა განაცხადა.
დემოგრაფი ოჯახის შექმნისგან თავის შეკავების უმთავრეს ფაქტორად ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს ასახელებს.
მისივე თქმით, პრობლემაა ნარკოტიკული საშუალებების გახშირებული მოხმარებაც.
დააკვირდით, როდესაც ადამიანი გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მაგალითად, 30 წლამდე მივა და კარიერას შეიქმნის, ის აღარ ფიქრობს იმაზე, რომ ვინმე უმუშევარს გაჰყვეს ცოლად.
ამასთან, უდიდესი პრობლემა გვაქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, საშინელი მდგომარეობაა. ამდენი ახალგაზრდა იხოცება, სად გვყავს ჩვენ დასახოცი ახალგაზრდები?!
ჰოდა, ეს გოგონებიც აღარ ფიქრობენ დაოჯახებაზე. შეიძლება იფიქრონ, იქნებ მომავალში ერთი ბავშვი გავაჩინოო, ან ისიც არ ქნან.
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი პირობები არ არის, ბევრი ფიქრი რომ არ სჭირდებოდეს ადამიანს. უზრუნველს არც ვითხოვთ, ასეთი ცხოვრება ადამიანმა თავად უნდა შეიქმნას. თუმცა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თითოეულ ჩვენგანზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე.
უნდა არსებობდეს ოჯახის შექმნისა და რეგიონებში დარჩენის წამახალისებელი პროგრამები. ვერ ვმრავლდებით, ერი ბერდება. საზღვრისპირა სოფლები და მაღალმთიანი რაიონები დაცარიელდა, ყველა თბილისში გამორბის და ძირითადი ქალაქები თავკომბალად გადაიქცა.
როგორ შეიძლება ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ერთ ქალაქში ცხოვრობდეს, ზოგ ადგილას კი სულ არავინ იყოს?! ვისი მხრიდან უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების ათვისება?!
სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და წაახალისოს ახალგაზრდა ოჯახები. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, რომ სიცილიაში, დაცარიელებულ სოფელში, ოჯახს სახლი 1 ევროდ გადაეცემოდა. იმ პირობით, თუ გარკვეული წლების განმავლობაში იქ იცხოვრებდა და მცირე ბიზნესს წამოიწყებდა.
ხომ შეიძლება, ჩვენც შემოვიღოთ ასეთი ინიციატივები? ხომ შეიძლება, რამე კარგი გამოცდილება გადმოვიღოთ?! გავუშვათ ახალგაზრდები 20 თუ 25 წლით, წავახალისოთ, დავაწყებინოთ რაღაც საქმე.
შევუწყოთ ხელი იმაში, რომ შექმნან რაიმე ისეთი, რაც სხვებისთვისაც თვალსაჩინო გახდება და იქნებ, ერთს მეორე ახალგაზრდა გაჰყვეს. ასეთ შემთხვევაში, თბილისიც აღარ იქნება ასე გადატვირთული. მე პირადად დედაქალაქი ასეთ მდგომარეობაში არც მახსოვს“, – განაცხადა ლელა მენაბდიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.










