ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან, ჩვენო უბოროტო ანგელოზო – მარიკუნა მიქატაძეს მეგობარი ალინა არველაძე სოციალურ ქსელში ემშვიდოდება:
“არ მჩვევია წერა და ჩემი აზრების გაზიარება, მაგრამ ვიცი, როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს, ჩემო ვარსკვლავო.
რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაურობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება.
ცოტა ხნის წინ ღმერთმა, შენთან ერთად ყოფნის ბოლო ხუთი დღე მაჩუქა. ყოველი წუთი და ყოველი ხუმრობა მახსოვს ჩვენი.
ჩვენი მეგობრობის ამ რამდენიმე წელიწადში იმდენი რამე მასწავლე, რომ სულ მადლობელი ვიქნები.
ყველაზე კარგად იცოდი შენ ბედნიერება რა ძვირფასია და მეც მასწავლე, რომ არ უნდა მეშინოდეს თავისუფალი და ბედნიერი რომ ვიყო.
შენი სიცოცხლის მიმართ სიყვარული არც ერთ ჩარჩოში არ ეტეოდა და შფოთვას იწვევდი შენ ამ ყველაფრის უზომობით ხალხში, მაგრამ მე ზუსტად ეს მიყვარდა შენში.
სულ ვიძახდი, რომ ბავშვივით ხარ, სუფთა ბავშვივით და ყველა ბავშვს სჭირდება მოვლა და ზრუნვა.
ბოდიში, რომ ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან, ჩვენო უბოროტო ანგელოზო.
მემახსოვრები სულ ბედნიერი და ლამაზი, ჩემო საამაყო მეგობარო” – წერს ალინა ფეისბუქზე.
მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების ამბავი გუშინ გახდა ცნობილი. შემთხვევა საბერძნეთში მოხდა. როგორც ცნობილია მსახიობ გია ფერაძის ქალიშვილი ქუჩაში იპოვეს გარდაცვლილი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ახლობლები და მეგობრები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
ტრაგედიით შეძრულია ყველა. გამორჩეული გარეგნობის, 39 წლის მარიკუნას საკმაოდ დიდი სანაცნობო და სამეგობრო წრე ჰყავს. მომხდარი ყველასთვის შოკია.
მარიკუნას უდროოდ წასვლამ, ისევ გაახსენა თბილისს ეს ტრაგიკული ოჯახი და იმ სევდიანი თვალების მქონე გოგონას ბავშვობა, ეზოში თამაშისას რომ წამოაძახეს – მამამ დედა მოგიკლაო.










