თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების სახელით ცნობილი ძველი ქართული ციხის ნანგრევები და ეკლესია წყალში იძირება.
წყალი უკვე მისწვდა ეკლესიაში შესასვლელ ერთადერთ კარს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბოლოჯერ მოინახულა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომელიც წყალში ჩაძირულ ეკლესიაში ტაძრის სარკმლიდან შეცურდა ნავით და ჩაძირული ეკლესიის ნაშთები ვიდეოზე აღბეჭდა.
„მინდოდა ჩემი ბავშვებისთვის მეჩვენებინა კავკასიძეების ციხე და ეკლესია ჩაძირვამდე.
წყალი დაახლოებით 2 მეტრითაა შესული ეკლესიაში და რამდენიმე დღეში ალბათ სრულიად დაიფარება ტაძარი“- ამბობს „ბათუმელებთან“ ბუბა კუდავა.
“კავკასიძეების ციხე სხვა რაკურსით.
საოცარ ადგილას იდგა, გულდაგულ იყო დაცული – თუ ბუნებრივად, თუ გოდოლებითა და კედლებით.
რას არ ელოდნენ ციხის ამშენებლები, პატრონები, მცველები, მლოცველები, მაგრამ ამას ნამდვილად არა – წყალში დანთქმას.
მეტრ-მეტრობით იწევს და ოდესღაც ციცაბო კლდეებზე გადმომდგარ გალავანთან დღეს ნაჭოროხალის მწვანე წყალი ლივლივებს.
ჩვენი ყოფის სიმბოლოა ეს სიმაგრე, ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთი მესაზღვრე ციხე.” – წერს სოციალუ ქსელში ბუბა კუდავა.


ეკლესიაში ჯერ კიდევ შემორჩენილია მხატვრობა, რომელიც, ბუბა კუდავას თქმით, დაახლოებით მე-12-13 საუკუნით თარიღდება.
„მართალია, ძალიან დაზიანებულია ფრესკები და ფრაგმენტულადაა მოღწეული, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და ფასეულია. დაცული იყო ათეულობით ძველი ნაკაწრი წარწერა – ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით.
არქიტექტურული კონსტრუქცია წყალში ალბათ მეტნაკლებად შენარჩუნდება, მხატვრობა და წარწერები, ცხადია, წაიშლება.
წინა ჩამოსვლებზე, შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ ფიქსაცია, ორჯერ ალპინისტური აღჭურვილობით ავედით (ვიდრე დატბორვა დაიწყებოდა), ერთხელ – ნავით მივადექით. გადავიღეთ და შევისწავლეთ, რაც შეგვეძლო“ – ამბობს ბუბა კუდავა.


თურქეთში, ართვინის პროვინციაში, პატარა ქალაქი იუსუფელი და ირგვლივ მდებარე სოფლები, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქრება – დასახლება წყლით იფარება. მიზეზი თურქეთის უდიდეს კაშხალი, „იუსუფელია“.










