ერის გადაგვარება სხვადასხვა გზებით ხდება. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია მისი რაოდენობრივი გაქრობა, მორალური გახრწნა, სხვა ერში ათქვეფა და ასე შემდეგ.
გადაგვარების კიდევ ერთერთი მაჩვენებელია ენის დაკნინება და გაქრობა, სხვა ენებიდან შემოტანილი სიტყვების ღვარში ათქვეფა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, ქართული ენა კვდება. გულში ლახვარივით მერჭობა, როცა მესმის სიტყვების ის “თაიგული”, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკოსები და ცნობადი ადამიანები ხმარობენ ისე, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში თუ რამდენ არაქართულ სიტყვას იხმარენ.
ძალიან კარგად მესმის, რომ ენა ვითარდება, ივსება ახალახალი, ნასესხები სიტყვებით, მისი გრამატიკული ფორმებიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მაგრამ იმ უცხო სიტყვების ხმარება, რომლებსაც შესანიშნავი, სხარტი და ზუსტი ქართული შესატყვისი აქვს, ჩემთვის ენის გადაგვარების ხელშეწყობაა.
აი, რამდენიმე მაგალითი:
ვორდინგი – მომაკვდავ ენაზე – აზრის ჩამოყალიბება (ან სხვა მსგავსი კონტექსტის მიხედვით)
აფილაცია- მომაკვდავ ენაზე – წევრობა, გაწევრიანება, კავშირი
პრევენცია – მომაკვდავ ენაზე – არიდება, თავიდან აცილება
იმპლემენტაცია – მომაკვდავ ენაზე – სისრულეში მოყვანა, მომარაგება, გამოყენება
ფრუსტრაცია – მომაკვდავ ენაზე – იმედის გაცრუება, გაწბილება
იმიჯი – მომაკვდავ ენაზე – სახე
სოფტი – მომაკვდავ ენაზე – რბილი, კონტექსტის მიხედვით შეიძლება იყოს აგრეთვე რბილი ხასიათია ადამიანი
ვალიდური – მომაკვდავ ენაზე – მართებული, სწორი, დასაბუთებული
კონტროვერსიული – მომაკვდავ ენაზე – წინააღმდეგობრივი
პრეზენტაცია – მომაკვდავ ენაზე – წარდგენა
ვოლი – მომაკვდავ ენაზე – კედელი
სუიციდი – მომაკვდავ ენაზე – თვითმკვლელობა
რეზულტატი – მომაკვდავ ენაზე – შედეგი
ურგენტულად – მომაკვდავ ენაზე – სწრაფად, დაუყოვნებლივ
ეს არის მხოლოდ მოკლე სია იმ სიტყვებისა, რომლებსაც ვისმენ ან ვკითხულობ, თან ისიც მაინტერესებს, რომელ ან როგორ მსმენელს ან მკითხველს მიმართავენ ამ სიტყვებით.”- წერს ამერიკაში მოღვაწე პროფესორი დოდონა კიზირია.










