ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 34 წლის შემდეგ აჭარელი ეკომიგრანტები ხონის მუნიციპალიტეტში, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობენ.
სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის, ასობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. სტიქიამ ადამიანებს ერთ ღამეში დააკარგვინა ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, სახლები და მოგონებები ერთ ადგილას გაყინა.
ხონის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 150-მდე ეკომიგრანტი ცხოვრობს. მათგან 50-მდე ოჯახი მაღალმთიანი აჭარიდან დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულშია განსახლებული, 100-მდე ოჯახი სვანეთიდან კი კუხის ადმინისტრაციულ ერთეულში.
87 წლის მაყვალა კახაძე, იმ მძიმე დღეებს იხსენებს, რომელიც ეკომიგრანტებმა ხონში, იძულებით გადასვლის შემდეგ გაიარეს. მისი თქმით, აჭარაში, ახლად გარემონტებული სახლები დატოვეს, ტუნგოს დასახლებაში კი, ცხოვრება თავიდან, გაჭირვებაში და ქოხებში დაიწყეს. მაყვალა ბებოს თქმით, იმერელი ხალხის სტუმართ მასპინძლობამ, სითბომ და სიყვარულმა, მძიმე პერიოდი შეუმსუბუქეს.
ხონში, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში 34 წლის წინ საცხოვრებლად გადაყვანილი აჭარელი ეკომიგრანტები დროთაგანმავლობაში შეეჩვივნენ და მოერგნენ ახალ გარემოს. ცხოვრება ფიცრულებში ნულიდან, არაფრის გარეშე დაიწყეს და როგორც თავად ამბობენ ცხოვრების გზას მიუყვებიან.
ტუნგოს დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის დღემდე პრობლემას წარმოადგენს გზა, რომელიც არ არის მოასფალტებული, არ აქვთ ბუნებრივი აირი, ინტერნეტი, შეფერხებით მიეწოდებათ წყალი. პრობლემაა დასაქმების კუთხითაც. ჩაის პლანტაციები, სადაც ეკომიგრანტები წლების განმავლობაში ტონობით ჩაის კრეფდნენ და ოჯახებს არჩენდნენ დღეს უკვე გავერანებულია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ მიმართულებით შესაძლებლობები ნელ-ნელა გაქრა. ჩაის პლანტაციების ნაწილი გაიყიდა და კერძო საკუთრებაშია. ადგილობრივ ეკომიგრანტებს კი ეკალ-ბარდებით დაფარული მეურნეობის გაწმენდა და მოვლა-პატრონობა არ შეუძლიათ. სწორედ ამ პრობლემების გამო და უკეთესი ცხოვრების ძიების სურვილით ახალგაზრდები დასახლებას ტოვებენ.
სტატისტიკა
საქართველოს მიგრაციის კომისიის მიერ 2021 წელს მომზადებული „საქართველოს მიგრაციის პროფილის“ მიხედვით 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო 27,494 ეკომიგრანტი პირი, სადაც ქალების და კაცების რაოდენობა თანაბარია. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, ეკომიგრანტთა უმეტესობა 19-დან 45 წლამდე ასაკისაა. მათივე ცნობით 2020 წლისთვის რეგისტრირებულ ეკომიგრანტთა 39% აჭარის რეგიონზე მოდის. მას მოსდევს სამეგრელოზემო სვანეთი, გურია, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი. ბოლო მონაცემებით აჭარა ლიდერია ეკომიგრანტთა განსახლების მაჩვენებლითაც (საერთო რაოდენობის 28%). აჭარის შემდეგ ყველაზე მეტი ეკომიგრანტი განსახლებულია გურიაში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

გლობალური დათბობის პირობებში, მსოფლიოსთან ერთად იცვლება საქართველოს კლიმატი. როგორც ეკოლოგები და გარემოს დამცველები ამბობენ დნება მყვინვარები, მომატებულია ნალექის დონე, იზრდება სტიქიური უბედურებების რისკი. შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ბუნებას მოფრთხილება და მეტი ყურადღება სჭირდება, ყურადღება იმისთვის რომ შევამჩნიოთ და დავინახოთ ის ცვლილები, რასაც დედამიწა განიცდის, რათა შემდეგ შევძლოთ საფრთხე მინიმუმამდე შევამციროთ.
მასალა მოამზადა: თათია ახვლედიანი, თამუნა გრიგალაშვილი










