ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებლის ცოტნე ჯაფარიძის შეფასებით, EU-თან უვიზო რეჟიმის შეჩერება ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირებას დიდი კითხვის ქვეშ დააყენებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების სცენარის კომენტირებისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკი სულ უფრო რეალური ხდება – თუ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს აგვისტოს ბოლომდე არ შეასრულებს, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს.
ცოტნე ჯაფარიძის თქმით, Wizz Air-ის საქართველოს ბაზარზე ყოფნა, ძირითადად, დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობენ და თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდა, ლოგიკურად, შედარებით ნაკლები მოქალაქე შეძლებს მოგზაურობას, რაც ავიაკომპანიის შემოსავლებზეც აისახება.
“მთლიანობაში, საერთოდ ქუთაისის აეროპორტის ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან აეროპორტს ასულდგმულებს Wizz Air, რომელი ევროპის დედაქალაქებში დაფრინავს. Wizz Air-ის საქართველოს ბაზარზე ყოფნა, პირველ რიგში, ქართველებზეა დამოკიდებული და შემდეგ ევროპის ქვეყნების იმ მოქალაქეებზე, ვინც საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიან“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ეს ძალიან დააზარალებს არა მხოლოდ იმ ტუროპერატორებს, რომლებიც ევროპაში გამყვანი ტურიზმით არიან დაკავებული, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სხვა რგოლს – სასტუმროებით დაწყებული სატრანსპორტო კომპანიებით დამთავრებული.