31 აგვისტოს მსოფლიო ზედოზირებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმირებულობის საერთაშორისო დღე (IOAD) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ყოველწლიური კამპანია ზედოზირების დასასრულებლად, გარდაცვლილთა და მათი ოჯახის წევრების, ახლობლების გასახსენებლად და რაც მთავარია პრევენციისთვის, კიდევ ერთხელ შესახსენებლად, რომ ნარკოტიკის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება კლავს.
„ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იკარგება მთელს მსოფლიოში დოზის გადაჭარბების გამო და სამწუხაროდ, ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება.
IOAD 2023-ის კამპანიის თემაა „იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც უხილავია“, რაც ჩვენს ირგვლივ მცხოვრები ადამიანების აღიარებას ეხება, რომლებიც განიცდიან დამოკიდებულების მწვავე ავადმყოფობას და მუდამ დოზის გადაჭარბების რისკის ქვეშ არიან და ძალიან ხშირად ისინი მარტო არიან კრიზის დროს და მათ გვერდით არაა ის ადამიანი, ვინც ზედოზირებისგან გამოწვეული სიკვდილისგან დაიხსნიდა. ამდენად, ეს პრობლემა ეხება არა მხოლოდ დამოკიდებულ ადამიანს, არამედ მის გარშემო მყოფებს, ახლობლებს, მეგობრებს და მთელ საზოგადოებას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო კამპანიას და წელსაც ვუცხადებთ თანადგომას იმ ადამიანებს, ვინც რისკის ქვეშაა, მათ ახლობლებს, ვიხსენებთ მათ, ვინც დოზის გადაჭარბებით დაასრულა ცხოვრება, მათ ოჯახებს და მეგობრებს, ვინც ვერ შეძლო პრევენცია და ვერ გადარჩა. ეს დღე ასევე მხარდაჭერაა ჯანდაცვისა და დამხმარე სერვისების მუშაკებისთვის, ვინც აძლიერებეს ძალას პაციენტებში და თანაგრძნობას საზოგადოებაში, და რაც მთავარია „პირველი რეაგირების“ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შემთხვევის დროს თავდაუზოგავად ასრულებენ მაშველის როლს. ძალიან ხშირად ისინი ატარებენ კრიზისის ტვირთს მარტო და ჩუმად.
მსოფლიოში სასიკვდილო ზედოზირების შემთხვევების 75%-ზე მეტი გამოწვეულია ოპიოიდებით: როგორც ბუნებრივი ოპიატებით – ჰეროინი, მორფიუმი, ისე სინთეზური ნივთიერებებით, რომელთაგან განსაკუთრებულად „მკვლელ ნარკოტიკებად“ მიჩნეულია ფენტანილი და ფენტანილის მაგვარი სუბსტანციები. ოპიოიდები მოქმედებენ სასიცოცხლო ფუნქციებზე, მათ შორის, სუნთქვის ცენტრზე. დოზის გადაჭარბებისას, სწორედ, სუნთქვის ცენტრის ბლოკირება და სუნთქვის გაჩერება ხდება, რაც სწრაფი სიკვდილის მიზეზი ხდება. ოპიოიდებით ზედოზირების რისკს ზრდის მათი ინექციური მოხმარება და ოპიოიდებთან ერთად სხვა ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება. ფსიქოტროპული ნივთიერებებიდან, რომლებიც ოპიოიდებით ზედოზირების რისკს ზრდის, განსაკუთრებით აღსანიშნავია დამამშვიდებელი, საძილე, ანტიდეპრესიული, გულყრის საწინააღმდეგო წამლები და ალკოჰოლი.
სასიკვდილო ზედოზირებათა 25% მოდის არაოპიოიდური ტიპის ნარკოტიკებზე, როგორც მასტიმულირებელ, ისე გამაბრუებელ და ფსქოდელიურ (ჰალუცინაციების გამომწვევ) საშუალებებზე. ბოლო წლებში ბევრი სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა ამფეტამინებისა და მეტამფეტამინების, ექსტაზისა და მისი ანალოგების, GHB/GBL-ის, სინთეზური კაბინოიდების (ე.წ. „ბიო“) გამოყენებისას.
განსაკუთრებული ხიფათის მომტანია ე.წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ), ვინაიდან, ხშირად, მომხმარებელმა არ იცის კონკრეტულად რა ნივთიერება შეიძინა, როგორია მისი მოქმედების სიმპტომები და რა დოზით უნდა მიიღოს ის. ამასთან, ხშირად ერთ შეფუთვაში ორი ან მეტი ნივთიერებაა შერეული, რაც მათ ტოქსიკურ ეფექტს აძლიერებს. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად დასახმარებლად მოსულ ექიმებსაც უძნელდებათ იმის დადგენა, თუ რა ტიპის ნივთიერებითაა გამოწვეული ინტოქსიკაცია, ვინაიდან შესაძლოა, რომ კონკრეტული აფნ-ს შესახებ ინფორმაცია ჯერ არც იყოს ცნობილი და მიწოდებული მედიცინის მუშაკებისთვის. ეს კი ართულებს მიზანმიმართული, ეფექტური სამედიცინო დახმარების გაწევას.
ე.წ. კლუბური ნარკოტიკებიც შესაძლოა გახდეს სიკვდილის მიზეზი, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს მაგალითზეც ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ შემთხვევაშიც, ადამიანებმა ხშირად არ იციან, არის თუ არა მისთვის შეთავაზებული ნარკოტიკი ნამდვილად იმ დასახელების, რასაც მას ნარკოდილერი ეუბნება. უფრო მეტიც, ეს შესაძლოა, თავად ნარკოდილერისთვისაც არ იყოს ცნობილი. გარდა ამისა, კლუბში ხშირად ამატებენ ალკოჰოლს. ზოგიერთი კლუბური ნარკოტიკი იწვევს სხეულის ტემპერატურის მომატებას, რაც ცეკვის დროს ოფლდენასთან ერთად იწვევს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას და გაუწყლოებას, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდეს.
განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ახალბედები, ვინაიდან მათი ორგანიზმი არ არის შეჩვეული ნარკოტიკის მოხმარებას, არ იციან თუ როგორ მოიხმარონ, ხშირად ურევენ სხვადასხვა ნივთიერებას. აღსანიშნავია, რომ გამოუცდელი ადამიანი გაბრუების ფონზე, ხშირად ვერ ხვდება, რომ ცუდად არის და დახმარება ესაჭიროება. ამ დროს გადაუდებლად და ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა მოხდეს სასწრაფო დახმარების გამოძახება. 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით სამედიცინო პერსონალს მოეხნა ფაქტის შეტყობინების ვალდებულება. ნარკოტიკით ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას აღარ მოყვება სამართალდამცავთა ბრიგადა და არც შემდგომში არ აძლევენ მათ რაიმე ინფორმაციას ინტოქსიკაციაში მყოფი ადამიანის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სიცოცხლის გადასარჩენად.
ზედოზირების პრევენციის ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ქმედითი მაინც ერთია: ნუ გარისკავ, ნუ მოიხმარ ნარკოტიკს!
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს www.drugprevention.ge
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ facebook.com/cmhpa.ge/“, – ნათქვამი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის განცხადებაში.










