ვირი ანუ სახედარი უპრეტენზიო, ჩუმი არსება დღესაც უამრავი ოჯახის დამხმარე და “მარჯვენა ხელია”. ვირს შეუძლია ზურგით 70-80 კგ ტვირთი გადაიტანოს, საზიდრით კი – 2,5 ტონამდე. ამ ცხოველის რძე უძველესი დროიდან მეტად პოპულარული იყო. ცნობილია, რომ დედოფალი კლეოპატრა სისტემატურად იღებდა ვირის რძის აბაზანებს, რათა მისი კანი ლამაზი და ხავერდოვანი ყოფილიყო…
სინამდვილეში ვირი არა ჯიუტი არამედ საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ცხოველია. ვირს ვერაფრით გაატარებთ იმ ადგილას, სადაც ადრე უსიამოვნება შეემთხვა, ან საეჭვო რამ ახსოვს.
სახედარი, კენტჩლიქოსანი ცხოველია, ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. შინაური ვირის წინაპარი გახლდათ გარეული ვირი, რომელიც დღესაც ბინადრობს აზიისა და აფრიკის ველებზე. ამ ცხოველს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და საკვების მიმართაც ნაკლებად მომთხოვნია. ძალიან გამძლე და ამტანია.