იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეს ახალ კორონავირუსზე 10-მდე პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში შალამბერიძე განმარტავს, დღის განმავლობაში ტესტირება კიდევ რამდენიმე ადამიანს ჩაუტარდება.
„ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, დღის განმავლობაში გვექნება რამდენიმე კონტაქტზე ჩატარებული ტესტირების პასუხი, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ გუშინ დადასტურებულ 2 შემთხვევასთან. დაახლოებით, 10 ადამიანის პასუხს ველოდებით, დღის ბოლომდე კიდევ რამდენიმეს ჩაუტარდება ტესტირება. საგანგებო რეჟიმის დარღვევის ფაქტი არის, მაგრამ თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი რამდენიმე დღეა, აღარ გვაქვს. ძირითადად, ე.წ.კომენდანტის საათის პერიოდშია დარღვევები, თუმცა, ეს დღე-ღამის განმავლობაში 10 შემთხვევამდეა“, – განაცხადა შალამბერიძემ.
იმერეთში 5 საკარანტინე სივრცეში 5 000-მდე ადამიანი იმყოფება.