საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „გილოცავთ! ვიცი, რა სიხარულიც მოუტანა მოგებამ საქართველოს. გვჯეროდა ამ გამარჯვების და არაერთხელ ვთქვი, რომ საწყისი წუთები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობდით და ეს ემოციური ფონი იგრძნობოდა მოედანზე. მთავარია, რომ ორი გაშვებული გოლის შემდეგ ბიჭებმა სწრაფად მოახერხეს მობილიზება. გასახდელში ვისაუბრეთ, რა უდნა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში. ვფიქრობ, ამ ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი სამი ქულა აიღეს.
ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგ თამაშზე გადავერთოთ. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ძალიან რთული მატჩი გველის და ასპროცენტიანი მობილიზების გარეშე იოლი არ იქნება. ჩემი აზრით, თამაშის სურათი საწყისმა წუთებმა და გაშვებულმა გოლებმა განაპირობა. ვირწმუნეთ, რომ ესეც ჩვეულებრივი თამაშია. ჩვენი გამარჯვება განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. ველოდით ამ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. საქმე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვქონდა და მოსაგებად მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ,” – განაცხადა ასათიანმა. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველსო ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრებს 3-2 მოუგო. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ გამართავს.










