დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გახშირებულმა აქციებმა და პირბადის ტარების შემცირებამ ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა გამოიწვია.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების საწყის მაჩვენებელზე დაბრუნებას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.
“პიკური მაჩვენებლის შემცირებას, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ის, რომ მობილობის მაჩვენებელი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია აქციებთან, ასევე პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ია ბოლო პერიოდში, რაც ასევე ძალიან დაბალია. ამდენად, ეს არის უკვე ჩვენი ჩარევის გარეშე ვირუსის ბუნებრივი გავრცელების ტენდენცია, რომელსაც დასჭირდება ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა, რომ დაუბრუნდეს საწყის მაჩვენებლებს.
ჯანდაცვის სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და ეს მაქსიმალური დატვირთვა გრძელდება პრაქტიკულად ოქტომბრის შემდეგ, რაც დიდი დატვირთვაა სამედიცინო პერსონალისთვის. რა თქმა უნდა, რესურსის გადაძაბვის საკითხი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დგას,“– განაცხადა თამარ გაბუნიამ.










