“გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება!” – ამ მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
“ერთი ხალხი – ერთი საქართველოს“ წევრებმა ქუთაისში ადგილობრივებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. მოსახლეობამ ხელი მოაწერა პეტიციას. მათი შეფასებით მიწა უცხოელებზე არ უნდა იყიდებოდეს.
მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მიღებული პირობები ქვეყნის ინტერესებს და დემოგრაფიულ ვითარებას აზარალებს. ფლაერებში ხაზგასმულია, რომ კრწანისში, გონიოსა და რუსთავში ათასობით ოჯახი და მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა საფრთხის ქვეშ დგება, ხოლო დაგეგმილი მშენებლობები უცხოელებზეა გათვლილი, რათა მათ საქართველოში ბინადრობის უფლება მიიღონ.
“Eagle Hills-ი არ მალავს, რომ კრწანისში ბინების შეძენასთან ერთად, უცხოელებს საქართველოში ბინადრობის უფლების შეძენაც შეეძლებათ. ისინი ამაზე ღიად საუბრობენ საკუთარ ვებ-გვერდზე.საქართველოში ცხოვრების უფლება არ იყიდება – მას დამსახურება სჭირდება.” – აცხადებენ “ერთი ხალხი – ერთი საქართველოს” წევრები.
აქტივისტები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.









