ბევრი ჩვენგანის გონებაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მოგონებები ციცინათელებზე. ბავშვობაში, ალბათ, უამრავი დრო გვაქვს გატარებული ამ მანათობელი მწერების დევნაში. ბოლო დროს ციცინათელები სადღაც გაუჩინარდნენ. სხვათა შორის, ამაზე საერთაშორისო მედია, სოლიდური გამოცემები, რამდენიმე წელია აქტიურად წერენ.
დარგობრივი მედიიდან ღირს აღვნიშნოთ firefly.org-ის სტატია, სათაურით, “რატომ გაუჩინარდნენ ციცინათელები” და გამოვყოფდი ასევე National Geographic– ის მასალასაც სათაურით “ციცინათელები ქრება – მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ გადარჩენაში”. აქვეა CBS NEWS-ისა და The Washington Post-ის სტატიებიც: “რატომ ქრებიან ციცინათელები” და “Ზაფხული მოვიდა – სად არიან ციცინათელები?”
საქმე ისაა, რომ 2021 წელს მკვლევარებმა დაასრულეს ციცინათელების რისკის შეფასება და დაადგინეს, რომ მათი სახეობების 14%-ს გადაშენება ემუქრება. ციცინათელების პოპულაციის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის ურბანული განვითარების გამო ჰაბიტატის დაკარგვა, მსუბუქი დაბინძურება, გვალვა, ანუ კლიმატის ცვლილება და პესტიციდების არასწორი გამოყენება, გაზონის სასუქის გამოყენება.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? ციცინათელების გაუჩინარება შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა და ყოველგვარი კვლევის გარეშეც დასტურდება საკუთარი დაკვირვებით, რადგან წლების წინ ჩვენს ეზოებსა და ბაღებში მათი სასოამოვნი ციალი გვილამაზებდა ზაფხულის ღამეებს, ახლა კი თითქმის აღარსად არიან.
მოვლენის პროფესიონალური შეფასებისთვის და მეტი სიცხადისთვის ფიტოსანიტარ შაქრო ყანჩაველს დავუკავშირდით და მას ვთხოვეთ ციცინათელების პრობლემის შესახებ განმარტება. სპეციალისტმა უშუალოდ ციცინათელებზე ვერაფერი გვითხრა, თუმცა, დაგვიდასტურა, რომ შხამქიმიკატების ჭარბი გაფრქვევა და ადამიანის გარემოში დაუდევარი ჩარევა ყველა მწერისთვის და ბუნების ცოცხალი არსებისთვის მომაკვდიებელია.
ციცინათელების გაუჩინარების ფაქტი დაგვიდასტურა გეოგრაფმა მაია ბლიაძემ, რომელიც ამბობს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, წელს მის ეზოში ციცინათელები პირველად გამოჩნდნენ. მისი თქმით, “ინტენსიური განაშენიანებით”, გარემოს დაბინძურებით, სინათლით დაბინძურებით, ბიომრავალფეროვნების უნიკალური წევრები ნადგურდებიან, რაც დანაშაულია, რომელიც ისევ ჩვენ, ადამიანებს, “მოგვიბრუნდება უკან ცუდად”. მაია ბლიაძე ამბობს, რომ “ციცინათელაც ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრია თავისი შეუცვლელი როლით ეკოსისტემაში და მისი შემცირება უკვე განგაშის ზარი უნდა იყოს, რომ გარემო საფრთხეშია”.
წყარო: “აგროგარემო TV”










