ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი, დედა და 11 წლის შვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი, ანი დალაქიშვილი განმარტავს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„ჩვენთან ორი დაზარალებული, დედა-შვილია შემოსული – 38 წლის ქალი და 11 წლის ბიჭი. ბავშვს ქალა-ტვინის, გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა. რაც შეეხება დედას, მას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, სტაბილურად არის და რამდენიმე საათში ბინაზე გაეწერება. ბავშვის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ამიტომ მოვათავსეთ რეანიმაციულ დეპარტამენტში“, – განაცხადა დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.










