ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებს. ახლობლების ინფორმაციით, 47 წლის ქალი კლინიკაში გუშინწინ თირკმლის უკმარისობით წყალტუბოდან გადაიყვანეს.
ოჯახის თქმით, მას ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარდა, რამაც გართულება და სიკვდილი გამოიწვია. გუშინ გარდაცვლილის ოჯახმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
“სახეზეა გულგრილობა და ექიმების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პაციენტთან მიმართებაში, რამაც ძალიან სავალალო შედეგი გამოიწვია. ახალგაზრდა ქალბატონი დაიღუპა, რომელსაც ერთი შვილი დარჩა. ოჯახი საქმის ბოლომდე შესწავლას მოითხოვს,” – ამბობს ოჯახის ადვოკატი დალი სულაქველიძე.
რა გახდა პაციენტის გარდაცვალების რეალური მიზეზი, მომხდარზე კლინიკის პოზიცია ამ დრომდე უცნობია.
rustavi2.ge