აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა. “სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას”, “დავიცვათ თავისუფალი მედია”-ამ მოწოდებით ჟურნალისტები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
მათი თქმით, ჟურნალისტები არა მხოლოდ ჟურნალისტურ ეთიკას, არამედ სახელმწიფოებრივ ღირებულებებს იცავენ.
“აქ, მხოლოდ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ დავიცვა მედიის თავისუფლება. აქ არის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებებზე საუბარი და ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და დღეს, ეს პროცესი დაიწყო მაშინ, როცა აჭარის მაუწყებლის დირექტორს უთხრეს, რომ მისი ადგილი იქ არ იყო, ადამიანს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ეს ტელევიზია რეიტინგული გამხდარიყო და ყოფილიყო ხალხის სამსახურში. ამ ტელევიზიის თანამშრომლები, არა მხოლოდ ჟურნალისტურ ეთიკას და სტანდარტებს იცავენ, ისინი იცავენ, საზოგადოებრივ ინტერესებს და ქვეყნის მიერ აღიარებულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს და დასავლურ ღირებულებებს. ამიტომ ჩვენი აქ დგომა არ არის ერთჯერადი აქცია, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებას იცავს, ეს არის ზოგადად, იმ ღირებულებების დაცვა”,-განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.