ბათუმის მერია ისევ იმეორებს, რომ 26 მაისის ქუჩაზე შიდასარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაზეც ნებართვებს ისინი არ გასცემენ, ხოლო სხვა სახის სამუშაოების შესახებ ნებართვისთვის მუნიციპალიტეტში არც წერილობითი და არც სატელეფონო შეტყობინება არ შესულა.
მერის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის მიმდებარე ტერიტორიიდან დროებით, 19 ოჯახია სასტუმროში გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი ოჯახები ახლობლებთან გადავიდნენ საცხოვრებლად.
26 მაისის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას ახლა ექსპერტები შეისწავლიან და მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენად უსაფრთხოა იქ მდებარე კორპუსებში ცხოვრება.
აქ იყო კონკრეტული თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქშია ავარიული სახლების პრობლემა და ეს არის ათწლეულების პრობლემა – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც დრეს ტრაგედიის ადგილას მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი.
სამ დაკავებულს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წაუყენა – ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია – ნათქვამია მთავარი საგამოძიებო უწყების განცხადებაში.









