მაია ასათიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. ტელეწამყვანის საავტორო გადაცემა „პროფილი“ არხზე გუშინ ბოლოჯერ გავიდა.
„ასე მგონია მეორე შვილი მომიკვდა“, – ამის შესახებ მაია ასათიანმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ მას შემდეგ დაწერა, რაც თავის მაყურებელს დაემშვიდობა.
„დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20- წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ. იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, – თქვა მაია ასათიანმა არხზე გასულ ბოლო „პროფილში“
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფი გადაცემის სხვა ტელევიზიაზე გაგრძელებას.
ტელეწამყვანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადება გაავრცელა „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.
“პროფილის” დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა – “შორენას ეფექტი”.
მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.
“რუსთავი 2” წარმატებას უსურვებს “პროფილის” შემოქმედებით ჯგუფს.
ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი“, – ნათქვამია განცხადებაში.









