„არ შევწყვეტ შიმშილობას, უარი განვაცხადე უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი.
სააკაშვილის თქმით, მზად არის თავისი თავგანწირვით მაინც დაამტკიცოს, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც.
„მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა.
თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც.
ზუსტად ვიცი, რაზედაც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა, უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონო ყოფნის შემთხვევაში, რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე.
ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად. ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.










