არა რუსულ კანონს – ხვალ, 15 აპრილს ქუთაისში მერიის წინ აქცია გაიმართება. ზუსტად ამ დროს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვა დაიწყება.
რიგითი ქუთაისელები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, 10 საათზე, მერიასთან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები არიან.
აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია.
“ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. ამ კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – განმარტავენ სამოქალაქო სექტორში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების” სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად “ჩაგდებული” პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.










