ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა. გიგა სადილიანის ახლობლები დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, ბექა ნემსიწვერიძე ველოსიპედით მოძრავ 19 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელმა გიორგი გოგბერაშვილმა ბექა ნემსიწვერიძე არ დააკავა, არ შეამოწმა ნარკოტიკებზე და სიმთვრალეზე, არ ამოიღო მობილური ტელეფონი და არ მოახდინა შემთხვევის ადგილის სრულყოფილი დათვალიერება, ასევე, გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს.
“26 მაისს ბექა ნემსიწვერიძე დაეტაკა ჩემს შვილს მანქანით, ზებრაზე გადამავალ ბავშვს, საწინააღმდეგო მხარეს. ჩვენ ოჯახი დაბნეულები ვიყავით, ბავშვის გადარჩენაზე ვფიქრობდით, ის იმ წუთას არ დაღუპულა, ძალიან მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ამ დროის განმავლობაში არაფერი არ გაკეთდა, გაყალბდა ყველაფერი. მოვითხოვ რომ მძღოლი დააკავონ, გამომძიებელს გიორგი გოგბერაშვილს დარტყმის ადგილი არასწორად აქვს გაკეთებული, ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩაუტარეს მძღოლს, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, არ ამოიღო ტელეფონი მძღოლის, რომელიც ნივთმტკიცება იყო და მძღოლის მასში იყურებოდა. ვიდეოს არ გვაჩვენებენ, რადგან ყველაფერი აქვთ გაყალბებული, იქ ყველაფერი კარგად ჩანს რა და როგორ მოხდა. დაზარელუბლადაც არ ვარ ცნობილი. შვილი მომიკლეს.” – ამბობს გარდაცვლილის მამა ზურაბ სადილიანი.
აქციის მონაწილეები რეალურ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებენ. შემთხვევა ქუთაისში 2020 წელს მოხდა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.









