არანაირი „კობახიძის წარმომადგენელი“ ან „პრემიერის წარმომადგენელი“ არ არსებობს, ორივე მხარე რუსეთია და შეხვედრაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება – ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამის ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელება კი რუსეთის მესამე საელჩო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისში – დანარჩენი ორი სოხუმსა და ცხინვალშია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველო არ გარუსდება და მოქალაქეებს 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდებს.
„მინსკში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე… ყველაფერი ზუსტად ლაგდება თუ რეალობას ისე შეხედავთ, როგორც არის. არანაირი „კობახიძის წარმომადგენელი“ ან „პრემიერის წარმომადგენელი“ არ არსებობს. ორივე მხარე რუსეთია და შეხვედრაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება. ვის გჯერათ რომ ესენი საქართველოს ინტერესებს წარმოადგენენ და მარტო „გაუქაჩავენ“ რუსეთს?!
მაინც შეგახსენებთ რომ ამათ აზერბაიჯანი ურახუნებს თავში, როცა „გაუსწორდება“. მათ შორის „აახია“ გარეჯი ისე რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. ირანის ელჩი „აკაჩავებს“ ყოველ ჯერზე, როცა რამე არ მოეწონება. და თუ ჩათვალა რომ საჯარო „პოსტი“ საკმარისი არაა, საგარეოში „ადგება“ და იქ „ურჩევს“ საქმეს. ესენი ხმას ვერ იღებენ. და რუსეთს „გაუქაჩავენ“? მარტო? ჟენევის ფორმატში რაც ვერ ხერხდება ამდენი წელია, სადაც გვერდით ამერიკა, ევროკავშირი, ეუთო და გაერო გვყავს, ესენი ერთი-ერთზე მოახერხებენ რუსეთთან? აი, ის ხუჭუჭა, მხდალი „ჩვარი“, დუბლინში რომ იდგა კუთხეში ატუზული, უპატრონოდ, იმის წარმომადგენელი „გაუქაჩავს“ რუსეთს?
რუსეთის „არ გაღიზიანების“ საფარქვეშ, სინამდვილეში კი პირდაპირი დავალებით, ამათ უკვე:
გაათავისუფლეს რუსეთის ნომრიანი აგენტები, შკრილნიკოვი, გევრიოქიანი, ჩახალიანი და სხვები;
რუსეთის აწ უკვე დადასტურებული აგენტი, ფარცხალაძე ჯერ დანიშნეს გენერალურ პროკურორად, ხოლო იქიდან იძულებით გაშვების შემდეგ, მას დაუტოვეს სრული კონტროლი პროკურატურაზე და ის ასამართლებდა ამ ქვეყნის პატრიოტებს;
მოშალეს სახელმწიფო უსაფრთხოება (ყოფილი უფროსი უზით ციხეში ბაგა-ბაღების ფულის მოპარვაზე და თურქი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებაზე) და ღიად მიაბეს რუსეთის უშიშროების სამსახურებს (ოფიციალური ხელშეკრულება დადეს ბელორუსის „კაგებესთან“);
სრულ ფორმალობად აქციეს თავდაცვა (ყოფილი მინისტრი, რომლის მთავარი დამსახურება დრონების ეპოქაში იყო ის რომ 2-2 ბათინკი უყიდა ჯარისკაცებს, ციხეში უზით ჯარისთვის მოპარული ფულით მალიორკაზე ვილის ყიდვის გამო) და დასანახადაც კი აღარ ხარჯავენ ამ სფეროში ფულს;
გაზარდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და ეს ტენდენცია გრძელდება;
გაზარდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და ეს ტენდენციაც გრძელდება;
სრულად გაყინეს ევროინტეგრაციის პროცესი;
სრულად გაყინეს ნატოში ინტეგრაციის პროცესი;
დედას აგინებენ დასავლელ ლიდერებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას სთხოვენ სირიის ამჟამინდელ ხელისუფლებას;
მოკლეს საქართველოს როგორც წარმატებული ლიბერალური დემოკრატიის იმიჯი, რომ იგივე არ მოუნდეთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ან რუსეთში მცხოვრებ ხალხებს;
გაყინეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რადგან არ უნდათ ნოვოროსიისკის პორტის კონკურენტი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (ახლა შეიძლება დაძრან, რადგან სანქციების პირობებში რუსეთს აწყობს დიდი შავი ხვრელი შავ ზღვაზე);
2008 წლის ომის დაწყება დააბრალეს საქართველოს (ჯერ საჯარო განცხადებებით, შემდეგ ე.წ. საპარლამენტო კომისიის დასკვნით, ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოთიც აკეთებენ), რითაც ირიბად ამართლებენ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას;
საქართველო მოაქციეს სრულ იზოლაციაში დასავლეთთან მიმართებაში და დატოვეს მეგობრების გარეშე;
ააწყოს რუსული ტიპის პროპაგანდის მანქანა, რომელიც 1. გამადიდებელი შუშით აშუქებს თავისუფალ სამყაროში არსებულ ყველა პრობლემას და 2. მუდმივად ატრიალებს შეთქმულების თეორიას „კოლექტიური დასავლეთის“, იგივე „გლობალური ომის პარტიის“ იგივე „დიპსტეიტის“ შესახებ, რომელიც ებრძვის „ქართულ ღირებულებებს“ და საკუთარ ინტერესებს წირავს საქართველოს;
მაქსიმალურად შეავიწროვეს პროდასავლურად განწყობილი მოქალაქეები, პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფები, ისე რომ მათი არსებობა ქვეყანაში შეუძლებელი გახდეს (საჯარო სამსახურებიდან გამოყრა, სახელმწიფო კომპანიებიდან გამოყრა, სსიპ-ებიდან და ააიპ-ებიდან გამოყრა, იმ კერძო კომპანიებიდან გამოყრა, რომლებსაც აძლევენ ტენდერებს ან ლიცენზიებს რაიმე საქმიანობისთვის, ლიდერების დაჭერა, პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა თუ ბოლო 8 წელი გიმუშავია „ენჯეოში“, საერთაშორისო ფონდების ქვეყნიდან გაყრა, სამოქალაქო საზოგადოების განადგურება);
დაიწყეს ისტორიის გადაწერა ისე, რომ ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული დაბრალდეს ერთი მხრივ, გარე მტრებს, რომლებმაც ქართველები წააქეზეს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, ქართველების უგუნურობას რომ აჰყვნენ ამ წაქეზებას და ვერ მოახერხეს „მშვიდობის შენარჩუნება“;
ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ის, რაც დღეს მინსკში ხდება, სხვა არაფერია. არ იფუთება სხვანაირად. ამის ბუნებრივი გაგრძელება კი რუსეთის მესამე საელჩო იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, თბილისში. დანარჩენი ორი სოხუმსა და ცხინვალშია.
ეს ქვეყანა არ გარუსდება! 28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუ-სთან,“ – წერს ჯაფარიძე.










