არაეტიკეტირებული ყველის მიკვლევადობა და ჰიგიენური მდგომარეობა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს – ამის შესახებ მომხმარებელი.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ყველის ნიმუშები შემოწმდა.
განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იმაზე მოწმობს, რომ არაეტიკეტირებული ყველის მიკვლევადობა და ჰიგიენური მდგომარეობა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყველის ნიმუშები რამდენიმე სანიტარიულ მაჩვენებელზე: კოლიფორმული ბაქტერიები, სალმონელა და (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი შემოწმდა. კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. სულ 42 ნიმუში შემოწმდა, 27 – არაეტიკეტირებული, ხოლო 15 – ეტიკეტირებული. საერთო ჯამში, დარღვევები გამოვლინდა 12 ნიმუშში, აქედან, 11 ნიმუში არაეტიკეტირებული იყო, ხოლო 1 ნიმუში – ეტიკეტირებული. აღმოჩენილი დარღვევები ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობაზე მიუთითებს.
კოლიფორმებზე შემოწმდა ყველა, 42 ნიმუში, (კოაგულაზა დადებით) სტაფილოკოკზე – 15 ნიმუში, ხოლო სალმონელაზე – 27 ნიმუში.
კოლიფორმები აღმოჩნდა 11 ნიმუშში, (კოაგულაზა დადებითი) სტაფილოკოკი – 4 ნიმუშში, ხოლო სალმონელა – 1 ნიმუშში.










