დღეს ქვეყანა ჭიდაობს ბეწვის ხიდზე, სადაც გარკვეული წრეებიდან აკრძალული მეთოდებით იბრძვიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
მდინარაძის განცხადებით, მიზანი არის, რომ საქართველო უფსკრულში გადაჩეხონ, თუმცა, „ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს და ამ პატრონს ჰქვია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი“.
„ჯერ ვილაპარაკოთ იმაზე, რა მდგომარეობაში ვართ დღეს: ამ მდგომარეობას შეიძლება დავარქვათ ჭიდაობა ბეწვის ხიდზე, ოღონდ აკრძალული მეთოდებით გარკვეული წრეების მხრიდან, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. უკრაინაში ომი დაიწყო თუ არა, პარალელურ რეჟიმში საინფორმაციო ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, ეს უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დაგვავიწყდეს. ევროკომისიის დასკვნამდე რამდენიმე დღით ადრე, იდენტიფიცირებულმა ლობისტებმა დაარეგისტრირეს ევროპარლამენტში ჯერ დებატები, რომელსაც შედეგად რეზოლუცია მოჰყვა, სადაც ეწერა ყველაფერი ის, რაც საქართველოს კონკრეტულად ამ დღეებში, არაფრით აწყობდა. ეს იყო საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებელი რამ. ჩვენ დავდივართ ბეწვის ხიდზე, სადაც ეს ადამიანები ცდილობენ გვეჭიდაონ და გადაგვაგდონ, რომ უფსკრულში გადავიჩეხოთ, მაგრამ ეს ასე არ მოხდება, რადგან ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს და ამ პატრონს ჰქვია ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობას უდგას სათავეში და ამ პრაგმატული პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს ასეთი პასუხისმგებლობით, სამშობლოს სიყვარული, ეროვნული სულისკვეთებიდან და ევროპული პერსპექტივის იდეიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.









