ჭიათურაში ტაბიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია უტარდება, რაც სკვერის აღდგენისა და დრენაჟის მოწყობას გულისხმობს. რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, აქ N40 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და საბაგირო გზის ძველი სადგურის ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ნაგუთის დასახლებაში, ტაბიძისა და ბარათაშვილის ქუჩაზე სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მათივე ცნობით ჭიათურის მერმა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და უკანონო შემოღობვების აღება დაავალა. გივი მოდებაძის გაცხადებით, მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ დასასვენებელი სივრცე გაფართოვდება და ტერიტორია კეთილმოეწყობა.
ტაბიძისა და ბარათაშვილის ქუჩაზე სკვერების საამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება. ორივე სკვერის მოსაწყობად ჯამში 120 000 ლარი დაიხარჯება.