საბა კუჭავა ევროპის ვიცე-ჩემპიონია!
ძალოსანმა აკვრაში ვერცხლის, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
მადრიდში მიმდინარე 15 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 52 კგ. წონით კატეგორიაში, საბა კუჭავამ საქართველოს ნაკრებს პირველივე დღეს პირველი მედალი მოუტანა!
ძალოსანმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 71 / 75 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
კუჭავამ აკვრაში თავი 94 / 97 / 99 კილოგრამს გაართვა, მკერდი ვერცხლის მედლით დაიმშვენა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა! საბამ ორჭიდში მოგროვილი 174 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ძალოსანმა საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. კუჭავამ ქვეყნის სარეკორდო ზღვარი აკვრაში 6, ორჭიდში კი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.