რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის ზონის ტერიტორია დაიკავეს, „წითელი ტყის“ სახელით ცნობილ უაღრესად ტოქსიკურ ზონაში ჯავშანტექნიკით რადიაციული დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ, რის შედეგადაც რადიოაქტიური მტვრის ღრუბლები წარმოიშვა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედიასაშუალებას ორმა წყარომ განუცხადა, სამხედროების კოლონა არ იყენებდა ანტირადიაციულ აღჭურვილობას. სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს სამხედროებისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან მათ მიერ ჩასუნთქული რადიოაქტიური მტვერი დიდი ალბათობით ორგანიზმის შინაგან დასხივებას გამოიწვევდა.
25 თებერვალს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა ინსპექციამ ჩერნობილის ზონაში რადიაციის დონის ზრდის შესახებ განაცხადა, რაც, უწყების ცნობით, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით იყო გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სადგურის დაკავების შემდეგ განაცხადეს, რომ რადიაციის დონე ნორმალურია და მათმა ქმედებებმა „უკრაინელი ნაციონალისტების“ მხრიდან შესაძლო „ბირთვული პროვოკაციები“ აღკვეთა.