არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომ საკარანტინე პირობების დარღვევის დროს დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმები ჩამოეწერებათ – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ განუცხადა.
მან ასევე საკარანტინე პირობების დარღვევის გამო დაჯარიმებულმა მოქალაქეების მიმართვიანობაზე ისაუბრა.
გელა სიორდიამ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ამ ეტაპზე იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროსთვის საკარანტინე ან იზოლაციის პირობების დარღვევის გამო დაკისრებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის ან სამართლებრივი დახმარებისთვის არავის არ მოუმართავს.
მანვე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობა არ აჩერებს, თუმცა პირებს ასევე შეუძლიათ რომ საჩივარი შეიტანონ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. ასევე შეუძლიათ მათ რომ საჩივრის შეტანისას მოითხოვონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მოქმედების შეჩერება, რაც ცხადია გამოიწვევს იმას, რომ ამ პირებს არ მოუწევთ ჯარიმის გადახდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და შესაბამისად მათ გადაუვადდებათ.
რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ მოარულ ხმებს ჯარიმების შესაძლო ჩამოწერასთან დაკავშირებით, ბატონმა გელამ აღნიშნა , რომ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, თუმცა მომავალში რა მოხდება წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა როგორც იურისტმა თითოეულ ჩვენთაგანს გვირჩია, რომ დავემორჩილოთ კანონებს , გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას , სიცოცხლეს და ვიყოთ თვითიზოლაციში.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით 8,665,000 ლარი შეადგინა.
ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯამში, დაჯარიმებულია 2 815 ადამიანი და 14 იურიდიული პირი.
21 მარტს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება გასცა. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება.
გარდა ამისა, გამოცხადებულია “თითქმის საყოველთაო კარანტინი”, რომელიც საღამოს ცხრიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლას კრძალავს.
საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევა 3000 ლარით ისჯება.
ავტორი: ნანა თევდორაძე