ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამუშაოები ქალაქის 296 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს და სრულად იცვლება კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილები (ჰორიზონდალური დგარი).
„დღეის მდგომარეობით, კორპუსების საძირკველში არსებული წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, ხშირია დაზიანების ფაქტები, რაც იწვევს სარდაფების დატბორვას. ამ დროისთვის, სამუშაოები 60 საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში უკვე დასრულებულია.
პარალელურად, მრავალბინიან კორპუსებში, სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, აბონენტების გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რაც წყლის გამანაწილებელი დგარებისა და შიდა ქსელების მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა. კორპუსების სარდაფებში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დონორ ორგანიზაციის მხარდაჭერით, მილების რეაბილიტაციისთვის პროექტში ცვლილებები შეიტანა.
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელს დასრულდება. პროექტს 80 788 120 ლარით აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.