უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ღვანკითის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.