სამწუხაროა, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ქვეყანას თავს ესხმიან და გაურკვეველ ბრალდებებს უყენებენ – იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორი ტატო ლილუაშვილი ”ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ფრაქციის ლიდერს ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიას პასუხობს, რომელმაც დღეს ტურიზმის ცენტრთან ბრიფინი გამართა. მან უწყება თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში, ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.
ტატო ლილუაშილი ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “მეგა ტვ” უცვლელად გთავაზობთ.
“ბატონი გიგა შუშანიას საპასუხოდ.
საქმე გვაქვს წინა საარჩევნო ციებ- ცხელებასთან, როცა როგორც წესია ზოგიერთი პოლიტიკოსი ქულების დაწერას ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებებით ცდილობს.
კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ბატონ გიგას, თავი შეიკავოს საჯარო მოხელეების, ჩემი კოლეგების და რაც მთავარია იმ ადამიანების შეურაცხყოფისაგან ვინც პატიოსნად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ქალქს.
როგორც ვიცი თავის გამოსვლაში ის შეეხო ისეთ თემებს,როგორიც არის საკარანტინო სივრცეების მართვაში მონაწილეობა, ტურისტული სერვისცენტრის საპირფარეშოების პროექტირება, ჩვენი ცენტრის წინ განლაგებული კონსტრუქციის დიზაინის შეცვლა. მინდა ვუპასუხო,რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სამსახურის პარალიზებას.
კვლავ განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენი ნებისმიერი აქტივობა,პროექტი თანხვედრაშია იმ სამართლებრივ დოკუმენტებთან რომლებშიც გაწერილია ჩვენი უშუალო ფუნქცია- მოვალეობები.
ცალკე ყურადღებას გავამახვილებ DMO Imeret- ის ჩართულობაზე საკარანტინო სივრცეების მართველობაში, მოგეხსენებათ, რომ DMO Imeret-ი სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად ჩართულია აღნიშნულ პროოცესში.
ეს არის ერთერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო, რომელსაც სახელმწიფო წევს ქვეყნის გადასარჩენად.
პირადად მე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს გაწეული შრომისთვის.
სამწუხაროა, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ქვეყანას თავს ესხმიან და გაურკვეველ ბრალდებებს უყენებენ.” – წერს ტატო ლილუაშვილი ფეისბუკზე.