სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა, კომპანიის ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე განმარტებას “ბიზნესპრესნიუსთან” აკეთებს.
მისი თქმით, მათ პროდუქციაში სალმონელა არ გამოვლენილა და მისთვის გაუგებარია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი.
“როგორც ვიცი, რესტორანში მოხდა ხალხის მოწამვლა. მე რაც სურსათის უვნებლობის საგენტოდან ვიცი, 9 ადამიანი მოიწამლა. როდესაც გააკეთეს ანალიზი, აქედან 7 შემთხვევაში არ იყო სალმონელა, მხოლოდ 2-ში იყო. თუმცა, ეს კონკრეტული დღის ქათამი, რომლეზეც იყო საუბარი, ჩვენ შემოწმებული გვაქვს და არანაირი სალმონელა არ დადგენილა. ამის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდნენ ჩვენთან და შევთანხმდით, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეამოწმებდნენ, საიდანაც პასუხები ჯერ არ გვაქვს. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ასეთი განცხადება”,-აცხადებს რევაზ ვაშაკიძე “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ოქტომბერს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.