“NATO ახლა კიდევ უფრო მტკიცე და მიზანდასახულია” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს. ნედ პრაისმა NATO-ში ფინეთისა და შვედეთის პოტენციური გაწევრიანების შესახებ კითხვაზე პასუხის დროს საქართველოც ახსენა. მისი თქმით, ალიანსის მიმართ გაზრდილი ინტერესი სწორედ პუტინის აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება. ნედ პრაისი ამბობს, არსებობს შეშფოთება, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიზნები, შესაძლოა, მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლებოდეს, ამის მაგალითად კი საქართველოში პრორუსული ძალების ყოფნა და რუსეთის მოლდოვაში ქმედებები მოიყვანა.
“NATO თავდაცვითი ალიანსია. ის ახლა უფრო მტკიცე და მიზანდასახულია თავდაცვით მიზნებში, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ რუსეთი NATO-ს მეზობელი აღმოსავლეთით, რომელიც აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ.
არსებობს შეშფოთება, რომ პრეზიდენტ პუტინის მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით. რა თქმა უნდა, საქართველოში არის პრორუსული ძალები და რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ჩაერია სხვა ადგილებშიც, მათ შორის მოლდოვაში. ასე რომ, მიზეზი, რის გამოც შეიძლება დავინახოთ დამატებითი ინტერესი თავდაცვითი ალიანსის მიმართ, არის ზუსტად ის, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვნახეთ შეტევითი ოპერაციები და აგრესია,”-აცხადებს პრაისი.










