”პირობები იყო ძალიან ცუდი. მუშებს სასტიკად გვექცეოდნენ.” – შპს ”კრეატივ იმფრეშენ კავკასუსის” მუშებმა საპროტესტო აქცია მართეს. კომპანიამ, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით ქუთაისში, პარლამენტთან, დევნილთა საცხოვრებელს აშენებს 20-მდე მუშა ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა.
დასაქმებულები სასტიკ მოპყრობასა და უსამართლო შრომის პირობებზე საუბრობენ:
”არანაირი დასვენების დღეები, თანხის მომატებაზე ზედმეტია საუბარი, მინიმალირ ფასზე გვამუშავებდნენ. ზედმეტს ვერაფერს იტყოდი, თუ რამე არ მოგეწონებოდა მიბრძანდი კარები ღიაოო გეტყოდნენ, ხელს გაიშვერდა უფროსი, მე თქვენთან შესახვეწნი არაფერი არ მაქვსო, ყანიდან გამოგიყვანეთო.სულხან გოგიბერიძემ გუშინ დაგვიძახა და გაგვათავისუფლა არ გვითხა მიზეზი.” – ამბობს კობა ხაჟომია.
”გვამუშავებდა 9 საათამდე, იძულებულს გვხდიდა რომ ჩვენ თვითონ წავსულიყავით ბოლოს ერთინად სუყველას გამოგვიცხადეს წადითო. კომპენსაციაც არ მოუცია. ვაპირებთ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ.” – ამბობს ხვიჩა გოგიძე.
მუშების აქციას შეურთდა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი წულაია. მისი თქმით სახელწმიფო მოქალაქეებს მე-13 საუკუნის პირობებში ამუშავებს:
”საქართველში 21-ე საუკუნე არ შემოსულა, შრომის ურთიერთობებში და ადამიანების ურთიერთობებში არ გათენებულა 21-ე საუკუნე. ამუშავებენ ადამიანებს მე-13 საუკუნის პირობებში. ეს არის სახელმწიფო დაკვეთა და ასრულებს ერთ-ერთი შპს. 20-მდე ადამიანს ერთ დილას უთხრა წადითო. ამაში დამნაშავეა სახელმწიფო, რათა ადამიანის შრომის უფლბები არანაირად არაა დაცული და პირზე აკერიათ ერთი რამე: არ გინდათ წადით. ხელშეკრულებას არ აძლევენ.” – აცხადებს გოგი წულაია.