მე ყოველთვის ვამბობ, მუშაობის პროცესში შეიძლება ხარვეზი გქონდეს, მაგრამ ქვეყანაში კოვიდის მართვის პერიოდში საბედისწერო შეცდომა არ ყოფილა დაშვებული, რომელიც ქვეყანას გადაჩეხავდა უფსკრულში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაზაფხულზე რეგულაციების დაწესება აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანა ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით შემთხვევას ვერ გაუძლებდა.
„მიმდინარეობს მუშაობა, ყველა მიმართულება, ყველა სფერო და უწყება მუშაობს იმის ფარგლებში, რა რესურსიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამ ტიპის ინფიცირების მაჩვენებელი ჩვენ გაზაფხულზე რომ გვქონოდა, ამას 2-3 თვე ვერ გავუძლებდით და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი ძალიან სწრაფად მოხდებოდა. გაზაფხულზე რომ 3000-4000 შემთხვევა გვქონოდა ყოველდღიურად, ამას ქვეყანა ვერ გაუძლებდა. იმიტომ იყო საჭირო მაშინ სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, რომ გარკვეული მზადება ყოფილიყო. რამდენი დავხარჯეთ და როგორ, გამჭვირვალე ციფრია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეც ვიღებ პირად პასუხისმგებლობას იმაზე, თუ რამე ხარვეზი გვქონდა, მაგრამ ეს ჩვენ შემდგომ გავაანალიზოთ. საბედისწერო და სერიოზული შეცდომა დაშვებული ნამდვილად არ ყოფილა. ვისაც უმუშავია, მუშაობაში ხარვეზი სულ აქვს.
როცა ვედრებით ჩვენ შვეიცარიას, ფინეთს და ნორვეგიას. მათ რატომ უჭირავთ კარგად ეს მაჩვენებელი? იმიტომ, რომ ის ფინეთია და ნორვეგიაა. ჩვენ ახლა გადავლახეთ და გავხდით საშუალო და მაღალ განვითარებული ქვეყნის მიჯნაზე და ამიტომ უნდა გვქონდეს პრეტენზია იმაზე, რა რესურსიც აქვს ქვეყანას“, – განაცხადა გამყრელიძემ.